ილია დარჩიაშვილი - პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა კანდიდატის სტატუსზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვისაუბრეთ, როგორ მოხდეს ამ მიმართულებით კიდევ მეტი მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე საუბრისას აქცენტები გაკეთდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე, რაც, დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც დარჩიაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, პოლონელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ კიდევ მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რა რეფორმები გატარდა. ვიცით, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ეს პრიორიტეტები შევასრულოთ და საქართველომ წლის ბოლოსთვის მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. კოლეგასთან საუბრისას ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად, ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს, როგორც ინსტიტუციური, ისე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით. მომავალში ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ასევე, დღის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია. აუცილებლად მექნება შესაძლებლობა, ბატონ მინისტრთან ვისაუბრო ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში საქართველოს კონკრეტულ წვლილზე და აუცილებლად გავუზიარებ მინისტრს, რა როლს ასრულებს დღეს ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, საქართველო ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს აქვს ქვეყანას, ამ მიმართულებით პოლონეთის ძლიერ მხარდაჭერაზე.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საკითხი ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც ერთ-ერთი სენსიტიური საკითხია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და ჩვენ ძალიან მადლობლები და მოხარულები ვართ, რომ გვყავს პოლონეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გვერდით ურყევად დგას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებზე.
„ორმხრივი ურთიერთობები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფასეულია და ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დავაახლოოთ ჩვენი ორი ქვეყანა ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, ზოგადად, კიდევ ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ამაზეც ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მსჯელობას.
ჩვენ ძალიან გვახარებს და გვაძლიერებს ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობის პროცესში ის ძალიან ძლიერი ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს პოლონელ და ქართველ ხალხს შორს. ეს არის ყველაზე ძლიერი ბაზისი იმისა, რომ ჩვენ ასე წარმატებით ვახორციელებთ და ვახერხებთ ჩვენი ორი ქვეყნის დაახლოებას და გაძლიერებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე.
„რა თქმა უნდა, შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე ბატონ რაუს გავუზიარე ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ განახორციელა უკრაინის მისამართით. ვისაუბრეთ მომავალში ჩვენს ახლო კორდინაციაზე ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.