ილია დარჩიაშვილი - პრემიერის ვიზიტზე ოპონენტების მავნებლური რეაქცია გამომდინარეობს იქიდან, რომ გერმანია ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში, იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ამ დინამიკის გაგრძელებაა ის, რომ პრემიერი მიემგზავრება ბერლინში სამუშაო ვიზიტით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ოპონენტების ნაწილის განცხადებები უკავშირდება იმას, რომ გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს.
„მგონია, რომ ასეთი გაუგებარი და მავნებლური რეაქცია, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ გერმანია იქცა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. სწორედ ეს აღიზიანებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ გერმანია ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაა ევროკავშირში ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში. მინდა, დავამშვიდო ისინი და მოვუწოდო, კონსტრუქციულად შეაფასონ საქართველოს საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიერ ღარიბაშვილის ბერლინში ვიზიტი შედეგიანი ექნება.
„შეხვედრაზე საუბარი აუცილებლად იქნება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე ორმხრივი ურთიერთობების. ასევე, მოვისმინეთ, თითქოს პრემიერი ვინმემ დაიბარა ბერლინში, ესეც გამომდინარეობს იმ მავნებლური დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისადმი. ასევე, თითქოს დაუკავშირდა ეს ვიზიტი სხვადასხვა აქტივობას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა. მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, ეს ვიზიტი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა აპრილის ბოლოს, 28 აპრილს, საგარეო საქმეთა ორ სამინისტროს შორის მჭიდრო კონსულტაციით, ორი თვეა, დაგეგმილია. მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
„სწორედ ჩვენი ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყანა – გერმანია აქტიურად არის ჩართული და ხმამაღლა საუბრობს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე, სადაც საქართველოს აუცილებლად ექნება ადგილი. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებენ. სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვყავს გერმანია, ქვეყანა, რომელიც ძალიან ძლიერად უჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა მინისტრმა.