ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეისა და გერტ იან კოპმანს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეისა და გერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

„აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას.

მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად იქნა შეფასებული შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. დადებითად შეაფასეს მხარეთა შორის არსებული მჭიდრო მაღალი დონის კონტაქტები და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.