ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ვოკკე ჰოქსტერთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, 30 წლისთავს და დადებითი შეფასება მისცეს ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სურვილი, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში.

ასევე, აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის, საუბარი დაეთმო ევროკავშირის წევრობის განაცხადს და ქართული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ასპირაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის და ესკალაციის პრევენციისთვის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მაღალი დონის კავშირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს შორის კომუნიკაციის მაღალ დინამიკას. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.