ილია დარჩიაშვილი - გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა თუ ახალი მექანიზმი, რომელიც დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მისასალმებელია
მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, ამ პლატფორმის მიმართ, რადგან პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მინისტერიალი ძალიან დროული იყო და დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ ხედავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს.
„ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. როგორც ცნობილია, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად, ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვქონდა საშუალება, დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა. ვფიქრობ, ძალიან დროული და აუცილებელი მინისტერიალი იყო, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, ყველას გამოგვეხატა საკუთარი აზრი, როგორ ვხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და რა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც პლატფორმას, წევრ ქვეყნებს მოუტანოს მომავალში. ჩვენი მხრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც პლატფორმისა და შესაძლებლობის მიმართ, რადგან ის პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პოზიტიური, თუკი იქნება საერთო ხედვა ამ პლატფორმის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობის შემოტანის, ჩვენ, საქართველო ვიქნებით ამის ნაწილი, თუმცა აქ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მთავარი ხაზი. ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ნებისმიერი სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც გაგვაძლიერებს და დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენთვის მისასალმებელი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა, ვთქვა, რომ განხილვების დროს მსგავსი პოზიციები იყო გამოხატული. არ მომისმენია საპირისპირო აზრი, რატომ არ შეიძლება, შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა, ეს სივრცე, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ უფრო მეტად თანამშრომლობის და კოორდინაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.