ილია დარჩიაშვილი - სტოლტენბერგმა პირად რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს პრემიერს, რაც მოწმობს, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნისგან კიდევ ერთხელ მოისმინეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი თვითშეფასების კითხვართან. მეორე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრა გაემართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დღევანდელი შეხვედრის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ლაიტ მოტივიც სწორედ ეს იყო, რომ საქართველო ნატო-სთვის არის ღირებული და სანდო პარტნიორი რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გრძელდება. ხოლო მეორე მხრივ, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მზადება მადრიდის სამიტისთვის და ჩვენი ორმხრივი, ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მყარად მოვისმინეთ ჩვენი მხარდამჭერებისგან, ნატო-ს გენერალური მდივნისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსები, რათა საქართველომ გააგრძელოს აქტიური ინტეგრაცია ნატო-ში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლებელი იყო, საქართველოს პრემიერთან შეხვედრა არ გამართულიყო. მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი თავის რეზიდენციაში მიიღო, ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული ინსინუაციები ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა, მიმდინარეობდა მუშაობა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. შესაძლებელი იყო, რაღაც მომენტში შეხვედრა არ გამართულიყო, არსებობდა ამის ობიექტური მიზეზები და დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის საკითხთან. გენერალურმა მდივანმა პირად რეზიდენციაში თავად უმასპინძლა საქართველოს პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო ნატო-სთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა მნიშვნლეოვანი და აუცილებელი დატვირთვა როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.