ილია დარჩიაშვილი - ნატო-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ საქართველოს ჰქონდეს ხელშესახები შედეგები ნატო-ში ინტეგრაციისთვის
ვაშინგტონში დასრულდა ნატო-ს საიუბილეო სამიტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იყო. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალიან ძლიერი ერთიანობა, იყო საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებსაც დღეს მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით აწყდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, სამიტზე იყო ძალიან სიღრმისეული განხილვები, როგორ უნდა მოხდეს გამოწვევების დაძლევა ერთიანობით.
„სამიტში საქართველოს მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან, რათა მას ჰქონდეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პარტნიორების მიწვევა ვაშინგტონში და მათ შორის საქართველოს ყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლებიც გაიმართა ენტონი ბლინკენის მოწვევით, მიმეღო მონაწილეობა. მქონდა შესაძლებლობა, კოლეგებთან ორმხრივ ფორმატებში მესაუბრა სხვადასხვა საკითხზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და ზოგადი მნიშვნელობის გამოწვევებზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.