ილია დარჩიაშვილი - მთავარი ლაიტმოტივი, რაც ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლებს გასდევდა, არის ჩვენი მომავალი ძალისხმევა, ვიცხოვროთ მშვიდ, განვითარებულ ქვეყანაში
მთავარი ლაიტმოტივი, რომელიც პრემიერ-მინისტრის გაერო-ში გამოსვლებს გასდევდა, არის ჩვენი მომავალი ძალისხმევა, ვიცხოვროთ მშვიდ, განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ასამბლეაზე, ისევე, როგორც უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მიემართა უშიშროების საბჭოსთვის. დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გარემოში გქონდა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრის დონეზე მიგვეღო მონაწილეობა მნიშვნელოვან პლატფორმაში. პრემიერ-მინისტრმა რაც გააჟღერა, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა მისი მეთაურობით ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რასაც მოაქვს კეთილდღეობა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ხაზი გაესვა ჩვენს ძალისხმევას, რათა საქართველოში იყოს მშვიდობა და განვითარება.
პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოზე ისაუბრა უკრაინაზეც. მისი გზავნილი ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება სოლიდარული უკრაინასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ასევე საუბრობდა, რომ საქართველოს და ქართველებს არ გვაქვს განცდა, რომ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მხოლოდ მომხმარებლები ვართ, არამედ ვართ კონტრიბუტორები. საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას და პარტნიორებთან ერთად, ძალიან ღირებული წვლილი გვაქვს შეტანილი. ჩვენ მშვიდობის განმტკიცებაში ჩვენი გმირი სამხედროები დავკარგეთ“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, პრემიერის სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას.
„რაც შეეხება გენერალურ ასამბლეას, აქაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პრემიერ-მინისტრი საუბრობდა მშვიდობის მნიშვნელობასა და ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავწიოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. პრემიერმა მიმართა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს ძმებს და დებს, მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად, გამთლიანებულ საქართველოში. სიტყვის ფარგლებში ასევე გაესვა ხაზი საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, რა შედეგები გვაქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ასევე, საუბარი იყო საერთაშორისო შეფასებებზე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ბევრი მიმართულებით – ბიუჯეტის გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად საამაყოა. მთავარი ლაიტმოტივი, რომელიც პრემიერ-მინისტრის გამოსვლებს გასდევდა, არის ჩვენი მომავალი ძალისხმევა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, რომ ვიცხოვროთ მშვიდ, განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.