ილია დარჩიაშვილი - მოტივირებული ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ აშშ-თან, ვიმედოვნებ, საქართველო და აშშ მალე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, რათა ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჯონ ბასთან შეხვედრაზე საინტერესო საუბარი შედგა.
დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
„შესაძლებლობა მქონდა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჯონ ბასთან შეხვედრის. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საინტერესო და გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო და აშშ მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოების გაძლიერებას.
ვფიქრობ, ორმხრივი შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. მოტივირებული ვართ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა, ერთი მხრივ, გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები, მეორე მხრივ, ერთად ვიმუშაოთ საერთო, გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.