ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას.
„მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების სფეროში წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა. მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფონზე, იმედი გვაქვს, რომ მომავლის სამიტი ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა მომავლის სამიტის დეკლარაციის მიღების აუცილებლობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევასა და გააძლიეროს მულტილატერალიზმი.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მომავლის სამიტის დეკლარაციამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის, ასევე გაერო-ს წესდების სერიოზული დარღვევები და მასში ხაზგასმულ იქნას აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაცვისა და გაძლიერების მნიშვნელობა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2030 წლის დღის წესრიგის სრულად განხორციელებისადმი საქართველოს მზაობა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დეკლარაციაში მდგრადი განვითარების სამივე განზომილების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას. მან ასევე კლიმატის ცვლილების გადაჭრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად.