ილია დარჩიაშვილი - მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ურყევი და ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.
ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.
„მქონდა შესაძლებლობა, შეხვედრა გამემართა შვედეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვედეთი მომავალი წლიდან, წლის პირველ ნახევარში იქნება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ მიმართულებითაც შვედეთის აქტიური მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ ვართ პროცესში, ერთი მხრივ, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკავშირმა და, მეორე მხრივ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ცალსახად მინდა, აღვნიშნო, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ურყევი და ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ასევე კონკრეტული შედეგები ექნება ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.