ილია დარჩიაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა
მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას.
„ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა.
ამასთან, ხაზი გაესვა ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, მათ შორის, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციების, ისე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში. აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და კოორდინაციის მნიშვნელობა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობის არსებულ დღის წესრიგსა და მისი გაღრმავების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ამ მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ახლო მომავალში ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შეხვედრის გამართვაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სატრანსპორტო-ტრანზიტული მარშრუტების ეფექტიანი გამოყენების კუთხით“,- აღნიშნულია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.