ილია დარჩიაშვილი - მოლდოვაში გამართულ განხილვებზე პრემიერისგან საკმაოდ გასაგებად იყო განმარტებული იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მონიჭება
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, პრემიერს ჰქონდა მთავარი აქცენტები ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა გახსნით ნაწილს და შემდგომ გადაინაცვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რომ შარშან პრემიერ-მინისტრი თავად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიებს. წელსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საკითხი ეხებოდა უსაფრთხოებას. ასევე, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ მსგავს დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი სხვა ლიდერებთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ყველას საერთო მიზანია. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამის საჭიროების კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია და, ვფიქრობ, ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს საქართველოს პრემიერს, საკმაოდ გასაგებად იყო განმარტებული გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის საჭიროება და იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.