ილია დარჩიაშვილი - მიუხედავად მიუღებელი და უსიამოვნო დებატებისა, გვაქვს ჩვენი საკანონმდებლო გზა, რომელმაც აუცილებლად უნდა მოგვიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე
საქართველო ცალსახად ერთგულია თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომლის თანხმად, ევროკავშირის ელჩი გულდაწყვეტილია, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, იმ ფონზე, როდესაც წინსვლაა მოლდოვა-უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მიუღებელი და უსიამოვნო დებატებისა, საქართველოს აქვს საკანონმდებლო გზა, რომელმაც უნდა მიიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე.
„სამწუხაროდ, ჩვენც ვიყავით გულდაწყვეტილები, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ეს მოხდა წელიწად-ნახევრის შემდეგ, თუმცა მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ საქართველო ცალსახად ერთგულია თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების. მიუხედავად ამ დებატებისა, რომელიც გვაქვს, რომელიც არის ჩვენთვის მიუღებელი, უსიამოვნო და ყურისთვის უსიამოვნო მოსასმენი, ჩვენ ვაგრძელებთ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას, გვაქვს ჩვენი საკანონმდებლო გზა, რომელმაც აუცილებლად უნდა მოგვიყვანოს ევროკავშირის ოჯახის წევრობამდე“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა: „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული, გაყინულია და, ამავდროულად, წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“.