ილია დარჩიაშვილი - მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ებრძვის ჩვენს ქვეყანას და მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული მოქალაქისთვის, ვერანაირად ვერ შეძლებენ, ეს დააზიანონ
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას და მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული მოქალაქისთვის, ვერანაირად ვერ შეძლებენ, ეს დააზიანონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებამ“ დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი ყოფილიყო.
„შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების თავგამოდებულ ძალისხმევას, რათა საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, საქართველო არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენ ამას შევეჩვიეთ. სამწუხაროდ, მათი გაწეული ძალისხმევა, პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ვინმე ამას უნებლიედ აკეთებს. ეს არის მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები. ამას ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ებრძვის იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ, ეს დააზიანონ.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი არ გამოუვათ. მინდა, მოვუწოდო მათ, თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას, იმ მავნებლურ ქმედებებს, რომლებიც აზიანებს ქვეყანას, საგარეო პოლიტიკასა და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.