ილია დარჩიაშვილი - მინდა, ოპონენტების გასაგონად ვთქვა, საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია
ილია დარჩიაშვილი - მინდა, ოპონენტების გასაგონად ვთქვა, საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია

ოპონენტების გასაგონად, მინდა, ვთქვა, საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ოპონენტები ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით აზიანებენ საქართველოს ინტერესებს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება, ამ ქვეყანას ჰქონდეს.

„პოლარიზაციაზე საუბრობენ ჩვენი ოპონენტები. რომ ჰკითხოთ, ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციის დასაძლევად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან ხშირად ესაუბრებიან მათ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, ისევე როგორც ჩვენ. ეს არის დეპოლარიზაციის მცდელობა. ჩვენ აქ ვართ, გესაუბრებით და თქვენ არ ხართ საერთოდ, არც გინდათ მოსმენა და არც აპირებთ მომავალში მოსმენას. თქვენ, სამწუხაროდ, დაგიძველდათ პრორუსული პოლიტიკის ძახილი და ამასობაში თუ გადახედავთ, საქართველოს აქვს ძალიან ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენს ოპონენტებს მივმართავ, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. თქვენ ამაში მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, ეჭვი მეპარება, რომ გინდოდეთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ამას ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს, როგორც აქამდე გააკეთა ყველაფერი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხალხი ბრძენია და ხედავს, ვინ რას აკეთებს, თუ როგორი გულითა და ენთუზიაზმით ქმნის ხელისუფლება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„თინა ბოკუჩავა ჩვენ გველაპარაკება ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით, ასე ვთქვათ, არასწორ პოლიტიკაზე. რა განცხადება შეიძლება, გავაკეთო? გადახედეთ თქვენი ხელისუფლების გატარებულ პოლიტიკას. ეს ქვეყანა მთლიანად დამოკიდებული იყო სხვაზე ენერგომატარებლების თუ ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ეს ქვეყანა იყო სხვაზე დამოკიდებული და დღეს შეხედეთ ამ ქვეყნის ენერგოდივერსიფიკაციას. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი სიამოვნებით მომავალში თქვენთან ერთად ვისაუბრებ იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ერთი მინდა, ცალსახად აღვნიშნო, მამუკა მდინარაძემ თქვა ხალხზე და ხალხი ბრძენია, ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ. ხალხი ხედავს, ვინ რას აკეთებს, ხალხი ხედავს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება, როგორი გულითა და ენთუზიაზმით ვქმნით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ხალხი ხედავს ჩვენს ოპონენტებსაც, როგორ მავნებლურად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას მოეშვით. ეს აზიანებს ამ ქვეყანას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება, ამ ქვეყანას ჰქონდეს. სულ მცირე, დაანებეთ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს. ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა დავუახლოოთ ევროკავშირს. სხვა დიპლომატებზე ზრუნავენ და ყოველდღიურად, თავიანთი განცხადებებით, დამოკიდებულებით საკუთარ ქართველ დიპლომატებს აყენებენ შეურაცხყოფას.

როგორ შეიძლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლებას ეძახო ის, რასაც ისინი კადრულობენ და აყენებდნენ ყოველდღიურად შეურაცხყოფას? მინდა, თითოეულ დიპლომატს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული და ღირებული საქმისთვის, რომელსაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ქმნიან. ოპონენტების გასაგონად, მინდა, ვთქვა, საქართველო აუცილებლად  გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოთმენისთვის და ბოდიში მოგიხადოთ მათ მაგივრად, რადგან ამის მოსმენა ცოტა რთულია, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლიანი ხალხი ვართ და ჩვენ პარტნიორებსაც აუცილებლად ვეტყვით, რომ მზად ვართ დეპოლარიზაციაშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.