ილია დარჩიაშვილი - მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სტრატეგიულ რეგიონულ პროექტებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო იზრდება რეგიონის მნიშვნელობა დაკავშირების კუთხით
დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ნება, მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვიმყოფებოდე არაჩვეულებრივ ქვეყანაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. დიდი მადლობა მინდა, გითხრათ გამორჩეული მასპინძლობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. დღეს განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ასევე, ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე და მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და თურქეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს.
„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთმანეთის სანდო პარტნიორები და მეგობრები არიან. მინისტრ ჩავუშოღლუსთან გვქონდა ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა. მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო, ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე. არ შემიძლია, განსაკუთრებულად არ აღვნიშნო, თუ რამდენად ფასეულია ჩვენთვის თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს მაღალი დონის პარტნიორობის სტრატეგიული საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობა. დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ამ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებაზე და შეხვედრის უახლოეს პერიოდში ჩატარებაზე.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები და გამოწვევები, ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. დავადასტურე, რომ საქართველო მოწოდებულია, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის წარმატებით განხორციელებას, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, არა მარტო გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, არამედ არსებული შესაძლებლობები გამოვიყენოთ, ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა რაც სტაბილურობის და განვითარების საფუძველს შექმნის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, თურქ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული შემაშფოთებელი სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე, ჰუმანიტარული პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ რეგიონულ პროექტებზე, რომლებშიც ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო იზრდება ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დაკავშირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ არის პოტენციალი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. ბატონო მინისტრო, შეჯამების სახით მინდა, გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ნება, მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს მაქვს თქვენთან სტუმრობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.