ილია დარჩიაშვილი - მაქსიმალურად ფრთხილად ვართ, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს. მისივე თქმით, საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას, განცხადებას.
„არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინელი პარტნიორების მიმართ. ჩვენ ვუერთდებით მხარდამჭერ განცხადებებს, რეზოლუციებს, არცერთი არ გამოუტოვებია საქართველოს. რამდენიმე თვის წინ თავად გახლდით ნიუ იორკში, სადაც უკრაინის შესახებ სპეციალური სესია გაიმართა. საქართველო გახდა უკრაინის შესახებ რეზოლუციის თანაავტორი. ასევე, სიტყვით მივმართე საზოგადოებას, როგორც სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ თანხვედრაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის მხრიდან უკრაინელების, ჩვენი მოძმე ერის მიმართ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერაზე და მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, როცა საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ.
„მაქსიმალურად ვცდილობთ და ფრთხილად ვართ, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში შევეცდებით, დავიცვათ სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.