ილია დარჩიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტთან, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედთან და თანმხლებ დელეგაციასთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
„შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ. მალაიზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა თავისი ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების მიმართ.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მალაიზიასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიცაზიის შესაძლებლობებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.