ილია დარჩიაშვილი - „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებული საკითხი ახლა რატომ გახდა ინტერესის საგანი, არ ვიცი, წლებია, საქართველოს ამ დოკუმენტზე აქვს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, აქვს უამრავი გამოწვევა, ძალიან ფრთხილად მოქმედებდეს ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პოლიტიკა დავუახლოოთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორება იყოს ცალსახა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ერთი მხრივ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით, ხოლო მეორე მხრივ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შესაბამისობაში ვიყოთ ამ პოლიტიკასთან. არ ვიცი, „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით ახლა რატომ გახდა ეს საკითხი ინტერესის საგანი. უკვე წლების განმავლობაში საქართველოს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს თავისი ფორმირებული და ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ ძალიან ფართო განხილვები გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან. შესაბამისად რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დასაბუთებულად საქართველოს ჰქონდა თავისი პოზიცია და ეს პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან. ჩვენ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ვახდენთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.