ილია დარჩიაშვილი - მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მოგვეცა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ძალიან კარგი მექანიზმია, რათა იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად, მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იყო ძალიან წარმატებული.
„მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის, საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რათა ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.
შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და, მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.
საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა დეკლარაციაში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.