ილია დარჩიაშვილი - მადლიერი ვართ უნგრეთის, ვიქტორ ორბანის, რომელიც ყოველთვის არის საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი
უზომოდ მადლიერი ვართ უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ორბანის, ის ყოველთვის მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ევროპული მომავლის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას.
„მომავალ მოლოდინებთან დაკავშირებით, მინდა, გავიხსენო მინისტრ სიიარტოს მეგობრული ვიზიტი თბილისში ორი წლის წინ. ეს იყო იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა, ყოველგვარი არგუმენტის, საფუძვლისა თუ მტკიცებულებების გარეშე. თუმცა უნგრეთის მხრიდან იყო მკაფიო დემონსტრირება და ჟესტი, რომ უნგრეთი არის და იქნება საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი.
ბატონო მინისტრო, მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება. ვფიქრობ, იმ ვიზიტმა საქართველოს მისცა ძლიერი სტიმული, იმპულსი თუ ინსპირაცია, რომ არასდროს დანებდეს. ჩვენ არ დავიღლებით. გვესმის იმ გამოწვევების, როდესაც საუბარია ევროპულ ინტეგრაციაზე, მაგრამ მხარდაჭერა და ძლიერი გზავნილი, რომელიც მაშინ მოგვანიჭეთ, ჩვენთვის ძალიან შთამაგონებელი იყო.
ზოგადად რომ ვისაუბროთ, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდი დაეხმარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაში. ბატონო მინისტრო, როდესაც საქმე ეხება რეფორმების დღის წესრიგს და პრაქტიკულ შედეგებს, რათა შესაბამისობაში ვიყოთ ევროკომისიის რეკომენდაციებთან, ჩვენ წარვადგინეთ და მივიღეთ მრავალი კანონი საქართველოში, რათა დავახლოებოდით ამ რეკომენდაციებს და 2030-ში, როდესაც იქნება ევროპული ოჯახის გაფართოების გადაწყვეტილება, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა.
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების ჩვენს დღის წესრიგს. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და ამავდროულად, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ პარტნიორობაზე, ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ორბანის. ის ყოველთვის უზომოდ მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ევროპული მომავლის. ჩვენ გავაგრძელებთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას და მადლობა თქვენი პირადი ჩართულობისა და წვლილისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.