ილია დარჩიაშვილი - ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით, ვიმედოვნებ, ბელარუსი დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რაც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გააკეთოს.
დარჩიაშვილის თქმით, იმედოვნებს, ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით.
„შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელარუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება. ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას. შესაბამისად, ამ საკითხის საბოლოო შეფასების ნაწილში, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. მე ვფიქრობ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში, ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
რაც შეეხება კითხვას, „რატომ სდუმხართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მობილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე“, – ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს უყურებს ადამიანის უფლებების ჭრილში და აქტიურად ცდილობენ აღნიშნული თემის წამოწევას პარტნიორებთან.
„რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზების ნაწილს, ამ საკითხს მე უფრო შევხედავდი ადამიანის უფლებების ჭრილში. ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ადამიანის უფლებების ხაზით – ძალიან აქტიურად ვცდილობთ ამ საკითხის წამოწევას ჩვენს პარტნიორებთან, ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ საუბარს და ამ საკითხთან მიმართებაში ჩემს მოხსენებაშიც ძალიან კონკრეტულად მქონდა პოზიცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.