საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. ასევე, ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას.
უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება როგორც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით.
ამასთან, შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.