ილია დარჩიაშვილი - ხორვატია გამორჩეულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პრემიერ-მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრების დროსაც ეს კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული
ილია დარჩიაშვილი - ხორვატია გამორჩეულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პრემიერ-მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრების დროსაც ეს კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ხორვატიის რესპუბლიკაში, დღეს აქ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი; მეორე – წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 30 წლისთავს და მესამე – საქართველომ ხორვატიის რესპუბლიკაში გახსნა სრულფასოვანი საელჩო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამივე მოვლენა ერთიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ხორვატიის რესპუბლიკაში.

„ხორვატია, ხორვატიის რესპუბლიკა ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ორმხრივი შეხვედრების დროსაც, დღეს პრემიერ-მინისტრებს შორის ეს კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული. ძალიან კონკრეტული აქცენტები ჰქონდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს საქართველოსთან მიმართებაში იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ხორვატიისგან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ხორვატია, ასევე ჩვენი მეგობარი ევროკავშირის ქვეყნები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხრივ. ვფიქრობ, დღევანდელი ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის არის ისტორიული, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.