ილია დარჩიაშვილი - ხორვატ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას, თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა
ილია დარჩიაშვილი - ხორვატ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას, თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა

მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, გორდან გრილიჩის ვიზიტს. ამ ვიზიტს აქვს ისტორიული მნიშვნელობა, ეს არის პირველი ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდან გრილიჩ რადმანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინისტრ გრილიჩის სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების მომავალი განვითარებისთვის. პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო და მადლობა გადავუხადო მინისტრს, ხორვატიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, მსურს გაცნობოთ, რომ სულ ახლახან ზაგრებში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელიც კიდევ დამატებით ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ხორვატ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.

„ხაზი გავუსვით მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიულ კომპანიებს განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში. ხაზგასასმელია, რომ მინისტრ გრილიჩის ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს – შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმებას, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობას დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ხორვატიელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე განიხილა რეგიონში არსებული მდგომარეობა.

„აქცენტი გავაკეთეთ დაკავშირებადობის აქტუალურობაზე და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული განზომილების გასაძლიერებლად. ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოების შესახებ, რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ. კოლეგასთან საუბრისას აღვნიშნე ამ რეგიონში, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. გავუზიარე კოლეგას, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით არის შესაძლებელი რუსეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობების შეჩერება და მშვიდობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.