ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატ კოლეგას, გორდან გრლიჩ-რადმანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
„ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების, ისევე როგორც განხორციელებული ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამ კუთხით, აღინიშნა მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა.
ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის და ამ მხრივ არსებული პროგრესის შესახებ.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ.
ამასთან, აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.