ილია დარჩიაშვილი - ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა და მივაღწიეთ, რომ სუდანიდან უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები, ველოდებით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა.
დარჩიაშვილის თქმით, რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო.
„საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ძალიან რთულ პერიოდში სუდანში, ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოგვეყვანა. ამან დრო წაიღო. დაგვჭირდა დიდი ძალისხმევის გაწევა, ვიმუშავეთ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია იყო ძალიან ქაოტური, ძალიან რთულია იდენტიფიცირება, რომელ კონკრეტულ ადამიანს ან ორგანიზაციას უნდა ელაპარაკო, ამიტომ ჩვენ ფრონტი მაქსიმალურად გვქონდა გაშლილი და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანეთ ქვეყნიდან და უსაფრთხო ადგილას, მეზობელ ქვეყანაში გადავიყვანეთ. ველოდებით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში მშვიდად და უვნებლად. როგორც ვიცი, ტრანსპორტირების პროცესში იყვნენ სხვა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებიც“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.