ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ლუის ბონოსს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
„ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.