ილია დარჩიაშვილი - კარგია, რომ „ბიბისის“ გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს, მნიშვნელოვანია, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, მათ შორის ტელევიზიების, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხი
ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს შეხედულებებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია. კარგია, რომ „ბიბისის“ შესაბამისი გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა საკითხი იყოს გამჭვირვალე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მედიის თუ კონკრეტული პარტიის დაფინანსებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, მედია მენეჯერი იქნება თუ სხვა, მსგავსი შეფასებებისგან კონკრეტული ადამიანების მისამართით თავი შეიკავონ, რადგან სწორედ ამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამ კითხვის ნიშნებს უნდა გაეცეს პასუხი. მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, მათ შორის ტელევიზიების დაფინანსების საკითხი, ოპოზიციური დაფინანსების საკითხი, რადგან მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდეს, რა დგას და ვინ დგას კონკრეტული მედია იქნება თუ ოპოზიციური პარტიის უკან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.