ილია დარჩიაშვილი - კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით, ვცდილობთ, ეს გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმაა უმნიშვნელოვანესი საქმიანობა განახორციელა 2022 წელს, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ეხება.
„სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და საკითხი, რომელზეც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს ვესაუბრე, რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ, რა კონკრეტული ქმედითი საკანონმდებლო აქტივობები ჩაატარა. მათ ვუთხარი, რომ დაახლოებით 80-ზე მეტი ახალი კანონი იქნა მიღებული, რომ საქართველომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია. ჩვენ ზოგადად რეკომენდაციებთან მიმართებაში ცალსახად ვამბობთ, რომ 80%-მდე რეკომენდაციების შესრულებული გვაქვს. საქართველოს პარლამენტმა განახორციელა უმნიშვნელოვანესი საქმიანობა 2022 წელს, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იხელმძღვანელონ – და ეს ალბათ ასეც იქნება – იმ კონკრეტული ხელშესახები შედეგებით, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. მე ცალსახად ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგულია რეფორმების და ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც მომავალში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.