კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ზე განაცხადა.
„მოგესალმებით და მადლობას ვუხდი სტუმრებს ჩვენი ტრადიციული „ელჩების კონფერენციაზე“ დასწრებისთვის. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ეს ღონისძიება იმართება საქართველოსთვის იმ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოუტანა. ამავე დროს, მსურს, ხაზი გავუსვა იმ გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ყველა ჩვენგანს უწევს მუშაობა მსოფლიო არენაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ალბათ, არასოდეს ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, ახალგაზრდა დემოკრატიას, დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო გაამყარა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ.
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2022 წლიდან, ფაქტობრივად, მოშლილია ის მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის დიპლომატიური საქმიანობისათვის, მნიშვნელოვან ფუნდამენტს წარმოადგენდა. შედეგად, სახეზეა აქამდე დამკვიდრებული თამაშის წესების უგულვებელყოფა და მსოფლიოში ახალი გლობალური თუ რეგიონული ძალების მიერ საკუთარი ინტერესების აქტიური, ახლებური პოზიციონირება. ამ ვითარებაში, ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს. ისეთ გარემოში, როდესაც სწორი, ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ორიენტაციით სვლა ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსების მქონე ქვეყნებსაც უჭირთ, ჩვენ განვლილი ერთი წლის მანძილზე შევძელით და, არა მხოლოდ უზრუნველვყავით მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ ჩავუყარეთ მყარი საფუძველი მის მდგრად განვითარებას და ისტორიული ცივილიზაციური არჩევანის მკაფიო, შეუქცევად პერსპექტივას.
წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით. კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული შედეგის, კანდიდატის სტატუსის მოპოვების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, მისი მიღწევების, მისი გლობალური როლისა და შესაძლებლობების აქტიური და განახლებული ენერგიით პოზიციონირება, რაშიც უაღრესად დიდია ჩვენი დიპლომატიური კორპუსის როლი.
„ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში.
გლობალიზაციის პირობებში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარ უჭერ საქართველოს ევროპულ გზას. მიმდინარე წელი, არანაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ხაზგასასმელია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობის ჩამოყალიბების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.
არ შეიძლება, არ გამოვყოთ მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა და საანგარიშო წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩვენი ქვეყნის აქტიური პოზიციონირება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე.
2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.