ილია დარჩიაშვილი - ჯოზეფ ბორელთან საუბარი იყო პოზიტიური, რაც ჩვენც და ევროკავშირსაც გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი
მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. ამ კონფერენციის ფარგლებში ყოველთვის ხდება ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე საკითხების დაყენება და მსჯელობა, სადაც ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, ისაუბრონ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, ყოველ წელს იღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში.
„წელსაც საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა მიუხენში. დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა, დასწრებოდა გახსნის ცერემონიას, სადაც გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი გზავნილები. ლიდერებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს უსაფრთხოების კუთხით აწუხებს მთელ ევროპას და არამარტო. დღეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.
საქართველოს პრემიერმა გაუზიარა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ, რომელიც საქართველომ 2022 წელს გაატარა. ჩვენ მას გავუზიარეთ ინფორმაცია ყველა იმ მიმართულების, იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ გადადგა, რათა 12 პუნქტის მიმართულებით რეაგირება მოეხდინა. ასევე საუბარი შეეხო ანგარიშს, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა კითხვართან დაკავშირებით, სადაც ცალსახად და ნათლად ჩანს საქართველოს პროგრესი გატარებული რეფორმების შესაბამისად, საქართველოს ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირთან. სწორედ ეს ანგარიში ასახავს იმას, რომ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა კონკრეტული შედეგები და საქართველოს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ჯოზეფ ბორლეთან იყო ძალიან საინტერესო საუბარი.
„ვისაუბრეთ ყველა მიმართულებით იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აქვს უკვე შემოდგომაზე, ევროკომისიის საბოლოო დასკვნასთან მიმართებაში. საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და მინდა, ვთქვა, რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმით გაჟღენთილი და ეს გვაძლევს ჩვენც და ევროკავშირსაც ძალიან დიდ იმედს, სტიმულს იმისას, რომ გავაგრძელოთ, ერთი მხრივ, მუშაობა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველომ წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ბორელმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ჯოზეფ ბორელთან საუბარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, დარჩიაშვილმა აღნიშნა: „საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. იმ შედეგებს, რომელიც თვალნათლივ ჩანს და გამოიკვეთა კიდევაც იმ ანგარიშიდან, რომელიც დადო ევროკომისიამ, და ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა იქითკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“.