ილია დარჩიაშვილი - ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში განთავსდა საგანგებოდ შერჩეულ ადგილას, რაც საქართველოს პატრიარქის და ქართველი ხალხის მიმართ რომის პაპის პატივისცემის ნიშანია
ილია დარჩიაშვილი - ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში განთავსდა საგანგებოდ შერჩეულ ადგილას, რაც საქართველოს პატრიარქის და ქართველი ხალხის მიმართ რომის პაპის პატივისცემის ნიშანია

ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა განთავსდა ვატიკანში საქართველოსთვის საგანგებოდ შერჩეულ ადგილას, რაც რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემისა და მადლიერების ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, დიდი პატივია, რომ დღევანდელი ღონისძიება იმართება ქართველი ერისთვის მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო თავისი კულტურით, რწმენით, იდეალებითა და ფასეულობებით ევროპის ისტორიული ნაწილია.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვიმყოფებოდე აქ და თქვენთან ერთად ვმონაწილეობდე თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში – ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლის ვატიკანის მთავარ შესასვლელში დაბრძანების ცერემონიალში.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოზაიკა განთავსდა საქართველოსთვის საგანგებოდ შერჩეულ ადგილას, რაც რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემისა და მადლიერების ნიშანია. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გვსურს, ჩვენი გულწრფელი მადლიერება გადავცეთ მის უწმინდესობას, რომის პაპს, ფრანცისკეს ამ უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში შეტანილი თავისი პირადი წვლილისათვის.

ამასთან, დიდ მადლობას ვუხდით მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, კარდინალ ფერნანდო ვერჯეს ალძაგას და, რა თქმა უნდა, წმინდა საყდართან საქართველოს ელჩს, მის სამეფო უდიდებულესობას, ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს.

ქართული წარმომავლობის უძველესი მართლმადიდებლური ხატის, „ივერიის ღვთისმშობლის ხატის“ ორიგინალი მე-11 საუკუნეში ქართველი ბერების მიერ საბერძნეთში დაარსებულ ათონის ივერთა მონასტერში არის დასვენებული. აქ წარმოდგენილი ასლი კი სახელოვანმა ქართველმა, ვატიკანისთვის კარგად ცნობილმა ხელოვანმა, ამირან ბაკურაძემ შეასრულა. ეს შთამბეჭდავი ნამუშევარი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა უძველესი ქართული კულტურა ხელოვნების მსოფლიო შედევრებს შორის წარმოვადგინოთ აქ, წმიდა საყდარში, მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი კულტურული ღირებულებების მატარებელ სივრცეში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენთვის უპირატესი პატივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ქართველი ერისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე იმართება.

მოგეხსენებათ, ახლახან ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს. გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები ამ რეკომენდაციის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პირობებში ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ ოჯახს და მის სრულფასოვან წევრობას.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველო ევროპის ისტორიული ნაწილია – თავისი კულტურით, რწმენით, იდეალებითა და ფასეულობებით. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე აზიისა და ევროპის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ბუნებრივ ხიდს წარმოადგენდა და ეს გარემოება წარმატებით უწყობდა ხელს საზოგადოებებს შორის დიალოგს, აზრთა გაცვლასა და ურთიერთობების სიმტკიცეს.

ასწლეულების განმავლობაში კათოლიკური ეკლესია გამოირჩეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობით და ქველმოქმედების გზით ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვით. იმედი გვაქვს, რომ კათოლიკური ეკლესია კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მომავალ განვითარებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის შესანიშნავი ურთიერთობები არსებობს და დღევანდელი ღონისძიებაც ამის გაგრძელებაა.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს. გასულ წელს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რამაც, კიდევ ერთხელ, მრავალსაუკუნოვანი ორმხრივი მეგობრობა და ტრადიციული თანამშრომლობა წარმოაჩინა.

ჩვენი სულიერი და კულტურული ურთიერთობების მეტად თვალსაჩინო მაგალითად იქცა 26 ივნისს ვატიკანის სიქსტეს სამლოცველოში, მიქელანჯელოს ფრესკების გარემოცვაში, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ ქართული მრავალხმიანობის, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუმეორებელი ნიმუშების შესრულება. ორმა გუნდმა – მართლმადიდებლურმა და ლათინურმა – ერთად იგალობეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდებული „ავე მარია“. ამ სათუთი ურთიერთობების გაგრძელებას წარმოადგენს დღევანდელი ღონისძიებაც. კიდევ ერთხელ, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღევანდელი, უაღრესად ამაღლებული და მეტად ემოციური დღე რეალობად აქცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა აგრეთვე მიიღეს ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა.