საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ქნესეთის სპიკერს, ამირ ოჰანას შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს.
საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნესკონტაქტების გაღრმავებისა და საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირების საქმეში.