ილია დარჩიაშვილი - ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ექნება, ბაქოში მიმართოს ლიდერებს, გაჟღერდება, რა იგეგმება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად
ილია დარჩიაშვილი - ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ექნება, ბაქოში მიმართოს ლიდერებს, გაჟღერდება, რა იგეგმება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევა და რისკები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბაქოში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერები გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები.

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში, სადაც იმართება გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერნცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ლიდერები, რათა ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს კლიმატის ცვლილებას, გლობალურ დათბობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები სწორედ ამ ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე,  საერთო კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები. ეს იქნება ნებისმიერი ნეგატიური გავლენა ჩვენს პლანეტაზე, რომელიც მომდინარეობს გლობალური დათბობიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, ინტერევენციები ჰქონდეს ამ სამუშაო ჯგუფებში და ვფიქრობ, ძალიან საჭირო და ღირებული დისკუსიები გაიმართება ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევა და რისკები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

„პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გაემართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პროექტები, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრასაც ექნება ახალი იმპულსი ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, განახლებადი ენერგია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„გვინდა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად თანმიმდევრულად აითვისოს ყველა ის რესურსი, რაც ამ მიმართულებით არის ქვეყანაში. ზოგადად, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებას. ამ კუთხითაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობის გაზრდაზე, ეს კონკრეტული პროექტიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.