ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, შარლ მიშელისთვის გაეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა
პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ასევე, ღონისძიების პარალელურად, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერთან კომუნიკაციის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრისა და შარლ მიშელის მუდმივი, ძალიან ხშირი კომუნიკაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე არის ორიენტირებული, გრძელდება.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ტრადიციულად, მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ახალ საინტერესო იმპულსს მოიტანს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის – ევროკავშირისა და საქართველოსი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის, რადგანაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რომელიც იქნება ახალი ფურცელი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მოლოდინებზე, დადებით მოლოდინებზე და გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოსგან, იყო საუბარი. საუბარი იყო ძალიან საინტერესო და კონკრეტულ რეფორმებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი დოკუმენტები. საუბარი მაქვს სამოქმედო გეგმებზე, სადაც გაწერილია ვადებში ჩვენ მიერ მომავალში განსახორციელებელი რეფორმები. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმირებას. ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.