ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, გზაზე, რომელსაც ქვეყანა გადის ამ რთულ დროს და გეოპოლიტიკურ პირობებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბელგიაში. ბრიუსელში მან შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო სამუშაო ლანჩის ფორმატში გამართული შეხვედრა, სადაც ორმა ლიდერმა პირისპირ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში და დროს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველ რიგში, გამოხატა მადლიერება პრეზიდენტის მისამართით მისი ძალისხმევისთვის, რომელსაც ის სწევს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს, პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც გადადგა ხელისუფლებამ და იმ ძალისხმევას, რომელსაც ზოგადად სწევს ჩვენი ქვეყანა.
ზოგადად, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ ძალისხმევას და მონდომებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება სწევს იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მეორე მხრივ, გააგრძელოს აქტიური რეფორმების დღის წესრიგი და გავაგრძელოთ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, საბოლოო წევრობისკენ სწრაფვა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც პრეზიდენტთან მოწმობს ამას, რადგან ეს შეხვედრები არის ძალიან ინტენსიური და ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რაოდენ მოტივირებულია პრეზიდენტი მიშელი, რომ ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე, პარალელურად, მართავს ოფიციალურ ვიზიტს ბელგიის სამეფოში. მას ჰქონდა შეხვედრა კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, თუმცა ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, თუ რაოდენ აქტიურად იქნება ჩართული ბელგიის სამეფო ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და მინდა, გითხრათ, რომ ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი კოლეგისგან დღეს მიიღო“, – განცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, დღეს პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში გამართავს შეხვედრას გაფართოების კომისართან ბატონ ვარჰეისთან, რომელთანაც იქნება დეტალური კომუნიკაცია ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე.
„ასევე, პარლამენტის სპიკერთან ექნება პრემიერ-მინისტრს შეხვედრა და დღეს, დღის ბოლოს გვექნება საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს და სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
დღეს, ასევე კულტურული თვალსაზრისით და პრიზმიდან დანახული მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ოფიციალურად ვიწყებთ „ევროპალიას“ გახსნით პროცესს, გახსნითი დღეა, ტექნიკურად ვაანონსებთ იმას, რომ ეს ღონისძიება დაიწყება ოქტომბერში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად არის თანხვედრაში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პროცესთან, რადგანაც, ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, ამ ევროპის დედაქალაქში წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ძალიან საინტერესო ისტორია, ვაჩვენოთ, თუ ვინ არის საქართველო, ვინ ვართ ქართველები და, მეორე მხრივ, ასევე ვართ ევროინტეგრაციის ამ ძალიან აქტიურ პროცესში ჩართული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.