ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, გამართოს კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ასევე, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებსა და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ექნება პოლიტიკური შეხვედრები და, პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში.
„ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ის ადგილია, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო გამოჩნდეს და მოხდეს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორივე მიმართულებით გამართავს შეხვედრებს. იქნება პოლიტიკური შეხვედრები და, პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, რომლებიც ეხება ევროპას, ევროკავშირს, არსებულ გამოწვევებს ზოგადად. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, შედეგიანი დისკუსიები და საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი და მის მიმართ გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესკომპანიის მხრიდან, რადგანაც საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის გამართული შეხვედრები მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანია, რათა საქართველოში ჩამოვიდნენ და განახორციელონ ინვესტიციები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.