ილია დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, რომელიც ასახულია თვითშეფასების კითხვარში, სათანადოდ იქნება დაფასებული პარტნიორების მხრიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.