ილია დარჩიაშვილი იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს, იაუსტოში ნიშიმურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველო-იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათი განვითარების პერსპექტივები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქვეყნის სტაბილური, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების, ხელსაყრელი სატრანზიტო და ბიზნესშესაძლებლობების გათვალისწინებით.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. შეხვედრაზე აღინიშნა იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი და ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც საქართველოში უკვე მიმდინარეობს იაპონური კორპორაციების მონაწილეობით. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მხრიდან ამის უმთავრეს საბაბად დასახელდა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ის მოწინავე რეიტინგები, რომელსაც ქვეყანა ინარჩუნებს მრავალი წლის განმავლობაში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ასევე მნიშვნელოვან საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის შესახებ. ბიზნესკავშირების გააქტიურების კარგ შესაძლებლობად დასახელდა ბიზნესფორუმების გამართვა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი პროექტებისა და ვიზიტების განხორციელება.
მინისტრმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ასევე აღნიშნა მინისტრ ნიშიმურას პირადი წვლილი საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებაში და იგი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.