ილია დარჩიაშვილი - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია
განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთი მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგათან, იან ლიპავკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.
„ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც.
მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაცისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს.
დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.
ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესშიც.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. იან ლიპავსკი გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარების პერიოდში ხორციელდება.