ილია დარჩიაშვილი - გვინდა, თბილისი მომავალშიც იყოს ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც შეძლებენ ნებისმიერი აქტუალური თემატიკის განხილვას, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას
რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ემხრობა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენის და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ არაერთგზის შეუწყო ხელი მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ეფექტური კომუნიკაციის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის წამოწყებით.
„მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჭიროების შესაბამისად. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მომავალშიც იყოს ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემატიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.