ილია დარჩიაშვილი - გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რაც ოპტიმიზმით გვავსებს
გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს, რაც მეტი ოპტიმიზმით გვავსებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანია აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ბერლინში. გერმანელი კოლეგის მოწვევით ვესწრებოდი განხილვებს, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ძალიან აქტიურად საუბრობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივაზე. ჩემი აქ მონაწილეობაც და მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ ფორმატში მომხსენებლად ყოფნაც, სადაც საკითხი ეხებოდა გაფართოებას, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახულ გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ეს თავადაც მოისმინეთ გახსნით სიტყვაში, როდესაც ღიად იყო საუბარი გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე, რომელიც აუცილებლად მოიტანს თავის ღირებულ შედეგებს. ჩვენ გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, რაც მეტი ოპტიმიზმით გვავსებს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.