ილია დარჩიაშვილი - „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე პრემიერი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, წარმოაჩენს საქართველოს ხედვას, როგორ გვესახება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება
ევროკომისიის პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. როგორც ცნობილია, იმართება „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი, სადაც განხილული იქნება ის შესაძლებლობები, რომლებსაც დაკავშირებადობის თვალსაზრისით სთავაზობს ევროკავშირი სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლიტიკურად ასოცირებულ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის დაკავშირებადობის საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენი ევროკავშირთან პოლიტიკური აფილირებისა და ასოცირების პარალელურად ვითარდება.
„ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტი გვაქვს ევროკავშირთან, რომლებიც ფიზიკურად აახლოებს საქართველოს, რომლებიც კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს დაკავშირებადობას ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, წარმოაჩენს საქართველოს ხედვას, თუ როგორ გვესახება ჩვენ მომავალში ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს ფიზიკურად ევროკავშირთან. ასევე, დისკუსიები იქნება კაბელის თემატიკაზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომავალი პროექტია, რომელსაც საქართველო, ჩვენი რეგიონი განახორციელებს ევროკავშირის ელექტროენერგიის მომარაგების თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ ევროკავშირი და ევროპა იყოს უფრო მეტად დივერსიფიცირებული ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.