ილია დარჩიაშვილი - გერმანია სტატუსის მიღების მხრივ ჩვენი ერთ-ერთი გულშემატკივარი იქნება, ამის პირობა მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს გაუზიარა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის განმავლობაში მას შემდეგ გადადგა, რაც 12 რეკომენდაცია მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიის რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე.
„პრემიერს ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერთან. პრემიერმა კანცლერს გაუზიარა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა გასული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივიღეთ 12 რეკომენდაცია, ის ჩატარებული ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი საკანონმდებლო აქტივობები, რათა შესაბამისი რეაგირება გაგვეკეთებინა ევროკომისიის მოცემულ რეკომენდაციებზე. სრულად იქნა გაზიარებული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ გერმანიის კანცლერს ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ქართულმა დელეგაციამ ასევე გაუზიარა ის მოლოდინები, რაც ევროკავშირის მხრიდან გვაქვს უკვე ოქტომბერში კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა გერმანიის კანცლერის მხრიდან აღნიშნული, რომ გერმანია იქნება კიდევ უფრო მეტად ჩართული და იქნება ძლიერი ხმა, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გვეყოლება გულშემატკივარი სტატუსის მიღების მიმართულებით, იქნება გერმანია. ჩვენ ამის პირობა მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.