ილია დარჩიაშვილი განას, სეიშელისა და პალაუს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი განას, სეიშელისა და პალაუს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა განას საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის მინისტრთან, შირლი აიორკორ ბოჩვეისთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

„შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და განას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

მინისტრების შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნების შემდგომ დაახლოებაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სეიშელის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სილვესტრე რადეგონდეს.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი და გამოხატეს მზაობა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მათივე ცნობით, პალაუს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუსტავ ნ. აინტაროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

„მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.