ილია დარჩიაშვილი - გამოვხატეთ მზაობა, აქტიურად ვიმუშაოთ აშშ-ის ახალ ელჩთან ერთად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ რობინ დანიგენის ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა დაგეგმეს.
ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
„დღეს შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. პირველ რიგში, მისგან მივიღეთ რწმუნებათა სიგელების ასლები, რომელიც აუცილებელი პროცედურული ნაწილია, რათა ელჩმა დაიწყოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობა ქვეყანაში. ვისაუბრეთ, რომ საქართველო და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია. გამოვხატეთ მზაობა, მასთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო აქტუალური გავხადოთ. ამის შესახებ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვისაუბრეთ. გარდა პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობებისა, ასევე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ზოგადად ჩვენს რეგიონში ვითარებაზე, დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, ისევე როგორც ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რათა მეტად დავაახლოოთ აშშ და საქართველო“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.