ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით
გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში. ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში, სადაც მას ექნება მიმართვა. მანამდე მან გამართა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, სადაც განხილული იყო საქართველოს თანამშრომლობის ის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე აქვს თავად გაერო-ს გენერალური მდივნისგან და ზოგადად, გაერო-ს მხრიდან. გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.