ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით. დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.